სომხეთის მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი არმენ სარგსიანი იქნება
სომხეთის მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი არმენ სარგსიანი იქნება

​სომხეთის მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატად არმენ სარგსიანის კანდიდატურა დააყენა. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატთა წარდგენის ვადა დღეს ამოიწურა.

სავარაუდოდ, სომხეთის პრეზიდენტის არჩევის პროცედურას პარლამენტი 2 მარტიდან დაიწყებს. არჩევნებში გამარჯვებულად ითვლება კანდიდატი, რომელიც 105 დეპუტატიდან მინიმუმ 79-ის მხარდაჭერას მოიპოვებს.

სომხეთის პარლამენტში მმართველ რესპუბლიკურ პარტიას და „დაშნაკცუთიუნს“ 65 ხმა აქვთ. ფრაქცია „ცარუკიანს“ კი 31. გავრცელებული ინფორმაციით, ფრაქცია „ცარუკიანი“ არმენ სარგსიანის კანდიდატურას უჭერს მხარს.

პარლამენტის კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია „ელქი“ – არმენ სარგსიანის კანდიდატურას მხარს არ უჭერს. მათ საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავდათ, თუმცა მის წარსადგენად ხმათა რაოდენობა არასკამარისი აღმოჩნდა.

სომხეთის ისტორიაში პირველად პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ პარლამენტი ირჩევს. 2015 წლის 6 დეკემბერს ჩატარებული რეფერენდუმის მიხედვით, კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა და სომხეთი საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობაზე გადადის.

სომხეთის პარლამენტი პრეზიდენტს 7 წლის ვადით ირჩევს და მომავალ პრეზიდენტს პოსტის დაკავება მხოლოდ ერთი ვადით შეუძლია. კონსტიტუციის მიხედვით, სომხეთის მომავალი პრეზიდენტი აუცილებლად უნდა იყოს პირი, რომელსაც უკვე შეუსრულდა 40 წელი. არის სომხეთის მოქალაქე, უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს სომხეთში, ფლობს სომხურ ენას და აქვს ხმის მიცემის უფლება.

მოქმედ პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს უფლებამოსილების ვადა 9 აპრილს ეწურება. რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატს, არმენ სარგსიანს, ის წლების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში სომხეთის დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობდა.

გარდა ამისა იყო ევროკავშირში სომხეთის მისიის ხელმძღვანელი. 1996 წელს 4 თვის განმავლობაში იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას.