სომხეთის ხელისუფლება სპიტაკში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ 227 ოჯახს საცხოვრებლით უზრუნველყოფს
სომხეთის ხელისუფლება სპიტაკში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ 227 ოჯახს საცხოვრებლით უზრუნველყოფს

სომხეთის ხელისუფლებამ სპიტაკში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის სახლების შესაძენად 2,7 მილიონ დოლარს გამოყოფს.

როგორც სომხური მედია წერს, კომპენსაციას 227 ოჯახი მიიღებს. ეს ის ოჯახები არიან, რომლებიც ამ დრომდე დროებით აშენებულ შენობაში ცხოვრობდნენ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების პრობლემა 2020 წლის ბოლომდე მოგვარდება.

227 ოჯახი, რომელსაც საცხოვრებელ ბინას მთავრობა შეუძენს, ამ დრომდე დროებით აშენებულ შენობაში ცხოვრობდა. მათ უკვე გამოთქვეს სურვილი სახელმწიფოსგანაც დახმარება მიიღონ. სტიქიური უბედურების ზონაში დღემდე რჩება მიწისძვრის შედეგად დაზარალებული 453 ადამიანი. მათი ნაწილი სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული კომპენსაციის მიღებაზე უარს ამბობს.

როგორც ფაშინიანმა განაცხადა, ხელისუფლება ვალდებულია, ისინი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოს.

სპიტაკის მიწისძვრის სახელით ცნობილი სტიქია სომხეთს 1988 წლის 7 დეკემბერს დაატყდა თავს. მიწისქვეშა ბიძგების შედეგად მთლიანად დაინგრა სოფელი ნალბანდი, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარეობდა.

სულ სტიქიის შედეგად დაზარალდა 340 სოფლისა და 20 ქალაქის მცხოვრები. ქალაქი სპიტაკი მთლიანად დაინგრა. ტრაგედიას 25 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, ნახევარ მილიონზე მეტი კი, საცხოვრებელი სახლების გარეშე დარჩა.

დატოვე კომენტარი