სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი - ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება კონტროლს აღარ ექვემდებარება
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი - ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება კონტროლს აღარ ექვემდებარება

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება კონტროლს აღარ ექვემდებარება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ნიუს ამი“ ავრცელებს.

როგორც ტოროსიანმა აღნიშნა, ადრე სომხეთში ყოველდღიურად კორონავირუსის დაახლოებით 50 შემთხვევა რეგისტრირდებოდა, თუმცა ყველა მათგანი ერთი წყაროდან იყო. ახლა კი ყოველდღიურად ვლინდება ინფიცირების 16, 20, 30 ახალი შემთხვევა და ყველა მათგანი სხვადასხვა წყაროდან არის.

„კორონავირუსის გავრცელება კონტროლს აღარ ექვემდებარება. ახლა ჩვენი ამოცანაა, გამოვავლინოთ თითოეული შემთხვევა და გავაკეთოთ ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით – ჩავატაროთ ტესტირება, დავადასტუროთ, კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციაში მოვათავსოთ, ვუმკურნალოთ და საავადმყოფოდან გავწეროთ გამოჯანმრთელებულები. ამას გავაკეთებთ, ვიდრე ძალა შეგვწევს. თუკი მთელ ერი დაუძლურდება, ამ ქმედებებიდან ზოგიერთი უნდა შევწყვიტოთ. კერძოდ, მოგვიწევს მხოლოდ ტესტირება და მკურნალობა, იზოლირებას უკვე აღარ მოვახდენთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

სომხეთში გამოვლენილია კორონავირუსის 937 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 149 ადამიანი, გარდაიცვალა 11 ინფიცირებული.