სომხეთის „რესპუბლიკურმა პარტიამ“ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა
სომხეთის „რესპუბლიკურმა პარტიამ“ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა

სომხეთის „რესპუბლიკურმა პარტიამ“ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. ინფორმაციას სომხური გამოცემა News.am ავრცელებს.

რესპუბლიკელთა ფრაქცია დღეს დეპუტატმა სამველ ალექსანიანმა დატოვა. მისი თქმით, ფრაქციას ტოვებს და პარლამენტში მუშაობას დამოუკიდებელ კანდიდატად გააგრძელებს. ამგვარად, სამველ ალექსანიანი სომხეთის მთავრობის შეცვლის შემდეგ მეექვსე დეპუტატი გახდა, რომელმაც რესპუბლიკური პარტიის ფრაქცია დატოვა.

ოპოზიციაში გადასულ სომხეთის „რესპუბლიკურ პარტიას„ ამჟამად 105 ადგილიან პარლამენტში 52 მანდატი აქვს.

როგორც სომხური მედია წერს, სამველ ალექსანიანი სომხეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი. მას რესპუბლიკაში მრავალი მსხვილი საწარმო ეკუთვნის, მათ შორის სუპერმარკეტების ქსელი „ერევან სითი“.