სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის რეზიდენციაში შევიდნენ
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის რეზიდენციაში შევიდნენ

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის რეზიდენციაში, ეჩმიაძინში შევიდნენ.

სომხური მედიის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები საპატრიარქოში სპეციალურ ღონისძიებებს ატარებენ.

აღსანიშნავია, რომ დღეს დილით შირაკის ეპარქიის შენობაში დაახლოებით 30 ნიღბიანი პირი შევიდა.

სომხური მედიის ინფორმაციით, შირაკის ეპარქიის წინამძღვარი მთავარეპისკოპოსი მიქაელი შენობაში არ არის, ის ეჩმიაძინში იმყოფება, სადაც მღვდლების კრებაში მონაწილეობს.

ცნობისთვის, სომხეთში ხელისუფლების მიტაცების მცდელობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოძრაობა „წმინდა ბრძოლა“ ტერაქტის მომზადებასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულა. გამოძიების ფარგლებში მთავარეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანს ბრალი წაუყენეს ტერორიზმის მომზადებაში, მასობრივი არეულობის წაქეზებასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში. ასევე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სომხეთის შირაკის ეპარქიის წინამძღვრის, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაპაჰიანის წინააღმდეგ.

ამასთან, ხელისუფლების მიტაცების მცდელობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ბიზნესმენი ტიგრან გალსტიანი და პოლკოვნიკი მიგრან მახსუდიანი.