სომხეთის ციხეში მყოფი ავთანდილ მარტიაშვილი ექსტრადირების პროცედურების დაჩქარებას ითხოვს
სომხეთის ციხეში მყოფი ავთანდილ მარტიაშვილი ექსტრადირების პროცედურების დაჩქარებას ითხოვს

სომხეთში მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქე ავთანდილ მარტიაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საქართველოში თავისი ექსტრადირების პროცედურების დაჩქარებას ითხოვს.

მარტიაშვილი, რომელსაც ე.წ. ჰეროინის საქმეზე, 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, პირველ არხს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა.

„იქნებ, როგორმე ხმა მიაწვდინოთ საქართველოს პროკურატურას, უკვე ოთხი თვეა, სომხეთის მხარემ გადმოუგზავნა საბუთები ექსტრადირების შესახებ, რასაც საქართველოდან არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. ჯანმრთელობა ძალიან გაუარესებული მაქვს. დიაბეტის გამო, განგრენა მეწყება. არავითარ ყურადღებას არ მაქცევენ. ერთი წელი, საავადმყოფოში ვწევარ“, – აცხადებს მარტიაშვილი.

ავთანდილ მარტიაშვილი საქართველოში რეგისტრირებულმა თურქულმა კომპანიამ მძღოლად დაიქირავა. 2013 წელს, ერთ-ერთი გადაზიდვის დროს, სომხეთ-ირანის საზღვარზე, მარტიაშვილის ავტომობილი გააჩერეს და მასში ერთ ტონამდე ჰეროინი აღმოჩნდა. მარტიაშვილი ადგილზე დააკავეს, მისი დამქირავებელი თურქეთის მოქალაქე ოსმან უღურლუ კი, მიიმალა. მალევე, ისიც დააკავეს და ბრალი აღიარა. ასევე, ითქვა, რომ ქართველმა მძღოლმა ნარკოტიკის არსებობის შესახებ არ იცოდა. მიუხედავად ამისა, მარტიაშვილს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პირველი არხი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ პატიმრის ექსტრადირებისთვის საჭირო პროცედურები უკვე მიმდინარეობს.