სომხეთის ახალი პრემიერი მოქმედმა პარლამენტმა შესაძლოა, 2 მაისს აირჩიოს
სომხეთის ახალი პრემიერი მოქმედმა პარლამენტმა შესაძლოა, 2 მაისს აირჩიოს

სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი მოქმედმა პარლამენტმა, შესაძლოა, 2 მაისს აირჩიოს, – ამის შესახებ სომხეთის პარლამენტში განაცხადეს.

რაც შეეხება ოპოზიციის ლიდერს, ნიკოლ ფაშინიანს, მისი თქმით, უკვე მართავს მოლაპარაკებებს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელთან, ხვალ კი მთავრობასთან დიალოგი დაიწყება.

ოპოზიციის სამოქმედო გეგმის დეტალებს ფაშინიანი მხარდამჭერებს ხვალ საღამოს დაგეგმილ მიტინგზე გააცნობს.

დღესვე სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა, რომელზეც კარენ კარაპეტიანმა ქვეყანაში არსებული სიტუაცია განიხილა.

მან მადლობა გადაუხადა პოლიციელებსა და სამხედროებს, რომლებმაც პროფესიონალურად და პირნათლად შეასრულეს მოვალეობა.

კარაპეტიანის თქმით, ყველა სახელმწიფო უწყებამ შექმნილ ვითარებაში სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა 10-დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ თანამდებობა გუშინ დატოვა.