სომხეთი და აზერბაიჯანი სასაზღვრო მონაკვეთზე ცეცხლის გახსნის შესახებ იუწყებიან
სომხეთი და აზერბაიჯანი სასაზღვრო მონაკვეთზე ცეცხლის გახსნის შესახებ იუწყებიან

სომხეთი და აზერბაიჯანი სასაზღვრო მონაკვეთზე სროლების შესახებ იუწყებიან.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 14 ნოემბერს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა პოზიციური შეტევა სცადეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ მიმართულებით, რის შედეგადაც დაიწყო ინტენსიური სროლა. სამინისტროს ცნობით, სომეხმა მესაზღვრეებმა შესაბამისი ზომების მიღებით, აზერბაიჯანის სამხედრო შემადგენლობის აღნიშნულ რაიონში განთავსების მცდელობა აღკვეთეს. სომხურ მხარეს მსხვერპლი არ მოჰყოლია. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ წუთებში რუსული მხარის შუამავლობით ვითარების მოსაგვარებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 13 ნოემბრიდან მოყოლებული, ბასარგეჩარის რაიონში განთავსებულმა სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა სნაიპერული შაშხანების, ყუმბარმტყორცნების და სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სროლები განახორციელეს ქელბაჯარის რაიონში განთავსებული აზერბაიჯანის არმიის მიმართულებით.

ამასთან, სამინისტროს ცნობით, სომეხი სამხედროები პერიოდულად ისროდნენ მუჰთარქენდის დასახლებაში განთავსებული აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიმართულებით, სადაც ასევე განთავსებული არიან რუსი სამხედროები. თავდაცვის უწყების განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგეს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.