სომხეთი და აზერბაიჯანი დღეს დილით საზღვარზე ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ
სომხეთი და აზერბაიჯანი დღეს დილით საზღვარზე ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს დილით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება და ნაღმტყორცნების და არტილერიის გამოყენებით ცეცხლი გახსნეს ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონში განთავსებული აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების მიმართულებით.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის, აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით პერიოდულად მიმდინარეობს ცეცხლის გახსნა, რის გამოც აზერბაიჯანის ქვედანაყოფები სათანადო რეაგირებას ახდენენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის არმიის სამხედრო დანაყოფები ჯერმუკასა და ვერინ შორჯას მიმართულებით ცდილობენ წინსვლას. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, არამ ტოროსიანმა სომხურ მედიას განუცხადა, რომ აზერბაიჯანის დანაყოფებმა ნაღმტყორცნებიდან გახსნეს ცეცხლი ჯერმუკას რაიონში, რის შედეგადაც დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ტოროსიანის განცხადებით, სომხეთის სამხედრო ნაწილებმა შესაბამისი ზომები მიიღეს.

ამასთან, სომხურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ჯერმუკას რაიონში ცეცხლი დახსნეს სამოქალაქო ავტომანქანის მიმართულებით, რის შედეგადაც დაშავდა ავტომანქანის მძღოლი.