სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სომხური მხარე დეზინფორმაციით არის დაკავებული
სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სომხური მხარე დეზინფორმაციით არის დაკავებული

ყარაბაღში, რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანის შეჭრა გრძელდება, – ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანელი სამხედროები ასკერანის რაიონის სოფელ პარუხში შედიან. სომხური მედიის ცნობით, აზერბაიჯანულმა სამხედრო დანაყოფმა სომხეთის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში სროლის პროვოცირება მოახდინეს და უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს.

სომხური მედიის ცნობით, მოლაპარაკებებმა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა რუსული სამშვიდობო კონტინგენტის მონაწილეობით, მნიშვნელოვანი შედეგი არ გამოიღო და აზერბაიჯანელი სამხედროები თავდაპირველ პოზიციებზე არ დაბრუნებულან. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის ბრალდებები რეგიონში ვითარების სავარაუდო ესკალაციასთან დაკავშირებით არის მსოფლიო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

ამასთან, როგორც აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სომხური მხარე დეზინფორმაციით არის დაკავებული და ხელოვნურად აზვიადებს ამ საკითხს.

„აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში პოზიციების ადგილმდებარეობისა და განლაგების პუნქტების დაზუსტების პროცესი მიმდინარეობს და ისტერიის საფუძველი არ არსებობს. სომხური მხარე დეზინფორმაციით არის დაკავებული, ხელოვნურად აზვიადებს ამ საკითხს“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.