სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ევროკავშირი მხარეებს დახმარებას სთავაზობს
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ევროკავშირი მხარეებს დახმარებას სთავაზობს

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარ მორიგ ინციდენტთან დაკავშირებით ევროკავშირი მხარეებს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებს და საკითხის მოგვარებაში დახმარებას სთავაზობს.

აღნიშნულის შესახებ ევროგაერთიანების საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

„სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საშიში და საგანგაშოა. შესაბამისად, საჭიროა დაუყოვნებლივი დეესკალაცია. ევროკავშირი მხარეებს ყოველგვარი სამხედრო გადაადგილებისა და მოქმედებისგან თავშეკავებას მოუწოდებს. ამ ტერიტორიებზე თავმოყრილი ძალები 12 მაისამდე არსებულ პოზიციებზე უნდა დაბრუნდნენ, რის შემდეგაც მხარეები საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთონ. აქვე, ევროკავშირი აზერბაიჯანს დაკავებული სამხედროების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. დამატებით, ევროგაერთიანება მზადაა, საზღვრების დადგენის პროცესში უზრუნველყოს მხარდაჭერა ექსპერტთა დახმარებით“, – ნათქვამია სტანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 12 მაისის შემდეგ დაძაბულია. ერევანი ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს და ახლაც სომხეთის ტერიტორიაზე რჩებიან, რასაც ბაქოში უარყოფენ.

27 მაისს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ დააკავეს ექვსი სომეხი სამხედრო მოსამსახურე. ბაქოში ამტკიცებენ, რომ მათ აზერბაიჯანის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს. სომხეთში სამხედროების დაკავების ფაქტი დაადასტურეს, თუმცა განაცხადეს, რომ ისინი სომხეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

დატოვე კომენტარი