სომეხთა სამოციქულო ეკლესია ვნების კვირას აღნიშნავს
სომეხთა სამოციქულო ეკლესია ვნების კვირას აღნიშნავს

სომეხთა სამოციქულო ეკლესიისთვის ვნების შვიდეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე, დიდი ხუთშაბათი, იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ბოლო მოვლენებს – ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთ დაბანას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესოს ლოცვასა და იუდას მიერ მაცხოვრის გაცემას მოიცავს.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში ხუთშაბათს დილით ტარდება საღმრთო ლიტურგია.

ფეხის დაბანისა და ზეთისცხების რიტუალის შემდეგ, ნაკურთხი ზეთი მორწმუნეებს ურიგდება. დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი და სახარებიდან ამოკრებილი ნაწყვეტები იკითხება, რაც უფლის ჯვარცმისა და დასაფლავების სიმბოლოა. დიდ პარასკევს წითელი პარასკევიც ეწოდება.

ეს დღე ყველაზე მძიმე დღეა წლის განმავლობაში. დიდი პარასკევის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვარიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.

დიდ შაბათს აღინიშნება იესოს მიერ ჯოჯოხეთის შემუსვრა და მართალთა სულების გათავისუფლება. საეკლესიო წესის თანახმად, საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ ახალი დღე იწყება.

წელს, სომეხთა სამოციქულო ეკლესია იესო ქრისტეს დიდებული აღდგომის დღესასწაულს პირველ აპრილს აღნიშნავს. აღდგომას სომხურად უწოდებენ ზატიკს, რაც ნიშნავს გამოყოფას, მოცილებას, ცოდვებისაგან დაშორებას და დაბრუნებას ღმერთთან.

სააღდგომოდ მორწმუნეები კვერცხებს ღებავენ. კვერცხი არის სიმბოლო აღდგომისა და ახალი ცხოვრების დასაწყისისა, წითელი ფერი – ჯვარცმული ქრისტეს სისხლისა, რომელიც დაიღვარა კაცობრიობის ხსნისთვის.