სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ II - მივდივართ საკათედრო ტაძარში, სადაც განვიხილავთ გეგმებს და შემდგომ ნაბიჯებს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეკლესიისთვის სამართლიანობამ გაიმარჯვოს
სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ II - მივდივართ საკათედრო ტაძარში, სადაც განვიხილავთ გეგმებს და შემდგომ ნაბიჯებს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეკლესიისთვის სამართლიანობამ გაიმარჯვოს

მივდივართ საკათედრო ტაძარში, სადაც განვიხილავთ გეგმებს და შემდგომ ნაბიჯებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეკლესიისთვის სამართლიანობამ გაიმარჯვოს, – ამის შესახებ სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა, გარეგინ II-მ ეჩმიაძინის მთავარეპისკოპოსის ეზოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება ქვეყნისთვის სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.

„ჩვენ მივდივართ საკათედრო ტაძარში, სადაც განვიხილავთ გეგმებს და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებებს ჩვენი შემდგომი ნაბიჯების შესახებ. ჩვენ, ყველანი, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უზრუნველვყოთ, სამართლიანობამ გაიმარჯვოს ჩვენი ეკლესიისთვის, ჩვენი სასულიერო პირებისთვის, ჩვენი მღვდლებისთვის და, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა გარეგინ II-მ.

მედიის ინფორმაციით, შეკრებილმა მოქალაქეებმა შირაკის ეპარქიის წინამძღვარს მოუწოდეს, არ წასულიყო ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენლებთან ერთად.

ცნობისთვის, სომხეთში ხელისუფლების მიტაცების მცდელობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოძრაობა „წმინდა ბრძოლა“ ტერაქტის მომზადებასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულა. გამოძიების ფარგლებში მთავარეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანს ბრალი წაუყენეს ტერორიზმის მომზადებაში, მასობრივი არეულობის წაქეზებასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში. ასევე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სომხეთის შირაკის ეპარქიის წინამძღვრის, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაპაჰიანის  წინააღმდეგ.

ამასთან, ხელისუფლების მიტაცების მცდელობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ბიზნესმენი ტიგრან გალსტიანი და პოლკოვნიკი მიგრან მახსუდიანი.