სოლსკიაერმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, პოგბამ დუბლი შეასრულა
სოლსკიაერმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, პოგბამ დუბლი შეასრულა

ოლე გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პირველი საშინაო მატჩი მოიგო. ამჯერად „წითელმა ეშმაკებმა“ „ჰადერსფილდი“ დაამარცხეს – 3-1.

„ოლდ ტრაფორდზე“ გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში ანგარიში ნემანია მატიჩმა გახსნა, რასაც მეორე ტაიმში პოლ პოგბამ ორი დაუმატა, სტუმრებმა კი პრესტიჟის გოლის გატანა მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეძლეს – ეს მატიას იორგენსენმა გააკეთა.

ამრიგად, ოლე გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ორი მატჩიდან ორივე მოიგო, რვა გოლი გაიტანა და ორი გაუშვა. ამ მომენტისთვის გუნდი სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა და ხუთი ქულით ჩამორჩება „ჩელსის“, რომელიც დღეს სტუმრად „უოტფორდს“ ეთამაშება.

მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.