„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოლე-გუნარ სოლსკიაერის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო. ნორვეგიელ სპეციალისტს ახალ ამპლუაში ყველაზე სერიოზული გამოცდა ელოდა – პრემიერლიგის 22-ე ტურში მისი გუნდი სტუმრად ხვდებოდა „ტოტენჰემს“. მატჩის ბედი 44-ე წუთზე მარკუს რეშფორდის გოლმა გადაწყვიტა. საგოლე პასი პოლ პოგბამ მიითვალა. „იუნაიტედმა“ 1:0 გაიმარჯვა.
მატჩის გმირი მანჩესტერელთა კარის დარაჯი დავიდ დე ხეა იყო, რომელმაც 11 დარტყმა მოიგერია.
„იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის რანგში საწყისი ექვსი მატჩის მოგებით, სოლსკიაერმა გააუმჯობესა ლეგენდარული მეტ ბასბის რეკორდი.
ამ მოგებით „მანჩესტერი“ გაუთანაბრდა „არსენალს“ – ისინი მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფენ და ჩემპიონთა ლიგის ზონას ექვსი ქულით ჩამორჩებიან.