სოლსკიაერი - „მანჩესტერ იუნაიტედს“ ბრაიან რობსონის მსგავსი ფეხბურთელი სჭირდება
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი აცხადებს, რომ ისეთ ფეხბურთელს ეძებს, როგორიც კლუბის ლეგენდარული ნახევარმცველი ბრაიან რობსონი იყო. მარუან ფელაინისა და ანდერ ერერას წასვლის შემდეგ, მანჩესტერელები ნახევარდაცვის გაძლიერებას ცდილობენ და ნორვეგიელი სპეციალისტის აზრით, გუნდს ახლა სწორედ რობსონის მსგავსი დინამიური მოთამაშე ესაჭიროება.
„ჩვენ ახლა ახალ გუნდს ვაშენებთ. ახალი სამწვრთნელო შტაბი უკვე გვყავს და ამ პროექტის ნამდვილად მჯერა. რობსონთან ერთად თამაშის პატივი არასოდეს მქონია, მაგრამ ვიცი, რომ ახლა სწორედ მისნაირი ფეხბურთელი გვჭირდება“, – ამბობს სოლსკიაერი.
მოლაპარაკებები ჰარი მაგუაიერთან, შონ ლონგსტაფთან და ბრუნო ფერნანდესთან დაკავშირებით ჯერ არ დასრულებულა და მთავარი მწვრთნელის აზრით, დრო სულ უფრო და უფრო ნაკლები რჩება.