მიუხედავად მიმდინარე სეზონში მეისონ გრინვუდის გამოჩენისა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი აცხადებს, რომ გუნდს შეტევაში გაძლიერება სჭირდება.
ხუთშაბათს, 12 დეკემბერს, გრინვუდმა ევროპა ლიგის მატჩში ჰოლანდიურ ალკმაარს ორი გოლი გაუტანა და თავისი გუნდის გამარჯვებაში (4:0) ლომის წილი დაიდო. 18 წლის ნიჭიერმა ფეხბურთელმა ამ სეზონში შვიდი მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში და უკვე ექვსი გოლი აქვს გატანილი.
„ჩვენ ბევრ პოზიციაზე გვჭირდება გაძლიერება“, – ამბობს სოლსკიაერი, – „თუ ჩვენს შემადგენლობას სხვა გუნდებს შევადარებთ, უკვე ახლოს ვართ, მაგრამ კიდევ ორი-სამი ფეხბურთელი გვჭირდება, რომ როტაციის საშუალება გვქონდეს სეზონის განმავლობაში. რაც შეეხება გრინვუდს, მან ტოტენჰემთან ითამაშა და საოცარი კლასი გამოავლინა. მე მას პრემიერლიგის მატჩებში სავსებით ვენდობი, უბრალოდ საქმე ისაა, რომ სწორ დროს შევიდეს მოედანზე. თუ ის თავით თამაშს დახვეწს, საუკეთესო ფეხბურთელი იქნება“.
„ალკმაარის“ დამარცხებით „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ევროპა ლიგის ქვეჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე 16 დეკემბერს გაირკვევა.