სოლსკაიერი ამ კვირაში მანჩესტერ იუნაიტედის სრულფასოვანი მწვრთნელი გახდება
მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობა მზად არის, უახლოეს პერიოდში ოლე-გუნარ სოლსკაიერი გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშნოს. ამ მომენტისთვის, ნორვეგიელი სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელია.
გაზეთ დეილი მეილის (Daily Mail) ინფორმაციით, სოლსკაიერი იუნაიტედის სრულფასოვანი მწვრთნელი უკვე ამ კვირაში გახდება. მოთამაშეები მხარს უჭერენ სკანდინავიელის დანიშვნას.
„ვფიქრობ, ის შესანიშნავი მწვრთნელია. ბედნიერი ვიქნები, თუ ის დარჩება და იმედი მაქვს, რომ სწორედ ასე მოხდება“, – განაცხადა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ.
სოლსკაიერი მანჩესტერ იუნაიტედში 2018 წლის დეკემბრიდან მუშაობს. მან პოსტზე ჟოზე მოურინიო შეცვალა. ნორვეგიელის ხელმძღვანელობით გუნდმა 19-დან 14 მატჩი მოიგო და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გააღწია.