სოხუმში მიმდინარე აქციაზე საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, დიმიტრი დბარის გადადგომას ითხოვენ
სოხუმში მიმდინარე აქციაზე საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, დიმიტრი დბარის გადადგომას ითხოვენ

სოხუმში ომის ვეტერანების გაერთიანებული საბჭოს ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, დიმიტრი დბარის გადადგომას ითხოვენ. სოხუმის დრამატული თეატრის მიმდებარე მოედანზე 600-მდე ადამიანი შეიკრიბა.

აქციის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელმა, ასლან ბჟანიამ დიმიტრი დბარი 30 სექტემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჯერ თანამდებობიდან მოხსნა, 2 ნოემბერს კი თანამდებობაზე ისევ დააბრუნა.

მანამდე, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პროკურატურამ დიმიტრი დბარის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინა.

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო მუხტი იმ ფაქტს უკავშირდება, რომ 30 სექტემბერს ე.წ. დეპუტატმა გარი კოკაიამ სოხუმის სანაპიროზე პისტოლეტიდან ცეცხლი გახსნა. მიმდებარე ტერიტორიაზე რესტორანში ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერი, ასლან ბჟანია და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი იმყოფებოდნენ. გარი კოკაიამ ადგილზე მისულ საოკუპაციო რეჟიმის მილიციას და ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრს წინააღმდეგობა გაუწია. იმავე დღეს, კიდევ ერთმა ე.წ. დეპუტატმა, ალმასხან არძინბამ საოკუპაციო რეჟიმის შინაგან საქმეთა სამინისტროს მახლობლად „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. მოგვიანებით, სოხუმში თქვეს, რომ დიმიტრი დბარი და ე.წ. მილიციის თანამშრომლები კოკაიას და ვეტერანებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.