სოხუმში აქციის მონაწილეებსა და ე.წ. სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა
სოხუმში აქციის მონაწილეებსა და ე.წ. სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ სოხუმის ცენტრში, ადგილობრივმა ე.წ. უსაფრთხოების ძალებმა, „პარლამენტის“ წინ შეკრებილი მომიტინგე ადგილობრივები კვამლის გამშვები სპეციალური საშუალებებით (საკვამლე ხელყუმბარებით) დაშალეს. ამის შესახებ „ბიბისის“ რუსული სამსახური „ინტერფაქსზე“ დაყრდნობით იუწყება.

ოკუპირებულ რეგიონში აქცია „აფხაზეთის სახალხო-პატრიოტული კავშირის“ ორგანიზებით იმართება. აქციის მონაწილეები ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის დრამატული თეატრის შენობის წინ მოედანზე გამოვიდნენ, რომელიც ე.წ. სამთავრობო შენობების წინ მდებარეობს.

აქციის მონაწილეები „უსაფრთხოების ძალების“ კორდონის გარღვევას და ე.წ. პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ მოედანზე შეღწევას ცდილობენ. არსებული ცნობებით, პერიოდულად სროლის ხმაც ისმის.

ქციის მონაწილეები „მოქმედ ხელისუფლებასა“ და ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კრიზისში, რეფორმების თაობაზე საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში და ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების პროგრამის არარსებობაში ადანაშაულებენ.

აქციის მონაწილეებმა შენობებზე ჩამოკიდეს ლოზუნგები: „აფხაზეთის გაყიდვას არ დავუშვებთ“, „რა გააკეთეთ სამშობლოსთვის?“, „ხალხს თქვენი არ ჯერა, ხალხი ტყუილით დაიღალა“, „ბოდიში მოიხადე და წადი“, „მოგვეცით დენი და წყალი“. დემონსტრანტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ასლან ბჟანიას ქმედების გამო, რომელმაც მათთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

„ჩვენ გადავეცით, რომ აქ შეკრებილებს გვსურს მოვისმინოთ „პრეზიდენტის“ აზრი აქ გამოთქმულ საკითხებზე. სწორედ ეს აწუხებს აქ შეკრებილ ხალხს, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი საცხოვრებელი პირობები. ჩვენ ეს ვუთხარით და მეორე მხრიდან მივიღეთ პასუხი, რომ „გუშინდელ მიმართვაში ჩემი პოზიცია დავაფიქსირე და აქციაზე გასვლა არ მჭირდება“, – აღნიშნა ე.წ. პარტია „აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმის“ წარმომადგენელმა ასლან ბარციცმა.

მანამდე, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვალტერ ბუთბამ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას თხოვნით მიმართა, რომ მათ მონაწილეობა არ მიიღონ „ოპოზიციის“ მიერ ორგანიზებულ აქციებში.