სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება „ბალტიის ჯაჭვი – 30“ გაიმართა [ფოტო]
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება „ბალტიის ჯაჭვი – 30“ გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები, ასევე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი და ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი.
როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, უნივერსიტეტის პირველ და მეორე კორპუსებს შორის გაკეთდა „ცოცხალი ჯაჭვი“, რომელიც სიმბოლურად „ბალტიის გზას“ გამოხატავს.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა და ამავე საელჩოების დიპლომატიური წრეების წარმომადგენლებმა.
როგორც საქართველოში ვიზიტით მყოფმა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა, „ცოცხალი ჯაჭვი“ იყო იმის მაგალითი, რომ თუ ადამიანები გაერთიანდებიან და აქვთ მიზანი, შეუძლიათ ბოროტებისა და ყველანაირი აგრესიის დამარცხება.
„მინდა, დიდი მადლობა მოგახსენოთ ბალტიისპირეთის გზის პატივის მიგებისთვის. ეს მართლაც მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო. ეს იყო იმის მაგალითი, თუ ადამიანები გაერთიანდებიან და აქვთ მიზანი, თუნდაც იყვნენ შეუიარაღებლები, შეუძლიათ, ბოროტების, იმპერიებისა და ყველანაირი აგრესიის დამარცხება. შეუძლიათ, შემოინახონ ის მნიშვნელოვანი ღირებულებები, იდეები, როგორიც არის დამოუკიდებლობა. ამ ღონისძიების შემდეგ, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი თავისუფლები იქნებოდნენ“, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.
ამასთან, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვალდის ზატლერსიც.
„ემოციური იყო ჩემთვის, როდესაც დავინახე ჯაჭვი. მან ნამდვილად დამაბრუნა 30 წლის წინანდელ ემოციებსა და მოგონებებში. არ არსებობს ლიეტუვური, ლატვიური თუ ესტონური თავისუფლება ან თუნდაც ქართული თავისუფლება, არსებობს საერთო ღირებულება, როგორც თავისუფლება, რომლითაც ყველამ ერთად უნდა ვისიამოვნოთ. ლატვია არასდროს აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რაც გარეთ ვნახე. თქვენი არაძალადობრივი დემონსტრაცია შეიძლება, იარაღზე ძლიერი იყოს“, – განაცხადა ლატვიის ყოფილმა პრეზიდენტმა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტოგამოფენა და აჩვენეს დოკუმენტური ფილმი „ბალტიის გზის“ შესახებ.
1989 წლის 23 აგვისტოს ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოსახლეობამ შექმნა 600 კმ-ის სიგრძის ცოცხალი ჯაჭვი, რის შედეგადაც პრაქტიკულად ერთმანეთს დაუკავშირდა რესპუბლიკების დედაქალაქები რიგა, ვილნიუსი და ტალინი. აქცია გაიმართა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის 50-ე წლისთავზე და მისი მიზანი იყო მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიეპყროთ ისტორიული მოვლენისადმი, რომელმაც შეცვალა ბალტიის ქვეყნების ბედი.
