სოხუმი, ცხინვალი - წარწერა კოპენჰაგენში საქართველოს საელჩოს ახალი ოფისის კარზე [ფოტო, ვიდეო]

საქართველოს საელჩოს კოპენჰაგენში ახალი ოფისი აქვს. საელჩო სტუმრებს ახალ მისამართზე, ქალაქის ეკონომიკურ ცენტრში, კალვებოდ ბრიუგეს 45 ნომერში ელოდება.

ძველი შენობისგან განსხვავებით, ახალი სივრცე თანამედროვე დიზაინითა და სამუშაო ოთახებზე გაკეთებული ქართულენოვანი წარწერებით გამოირჩევა.

დანიის სამეფოსა და ისლანდიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის, გიგი გიგიაძის ინიციატივით, საელჩოს შიდა სივრცეში, თითოეულ კარს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის დასახელება აქვს, რაც სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქების დასახელებებს ელჩის სამუშაო ოთახის კარზე ამოიკითხავთ.

გიგი გიგიაძის თქმით, ეს არის გზავნილი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია.

საქართველოს საელჩო კოპენჰაგენში 2006 წლიდან მუშაობს. საელჩო როგორც დანიის სამეფოს, ასევე ისლანდიას ემსახურება. 2018 წლის აპრილში საელჩომ ოფისის შეცვლა გადაწყვიტა, რადგან ძველი შენობა სტუმრების მიღების საშუალებას არ იძლეოდა. ელჩის განცხადებით, ახალ სივრცეში მოეწყობა სხვადასხვა კულტურული, შემეცნებითი ღონისძიება, გამოფენები.

საელჩოს შენობას ოფიციალურად ხვალ, საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე გახსნის. წითელი ლენტის გაჭრამდე კი ელჩმა ახალ შენობაში პირველად პირველ არხს უმასპინძლა.

 

დატოვე კომენტარი