სოფო ვერძეული - სასამართლო სისტემის სამოქმედო გეგმაში ბევრი საკითხია, რომლის სათანადოდ შესრულება მნიშვნელოვანი იქნება სისტემის რეფორმისთვის
სოფო ვერძეული - სასამართლო სისტემის სამოქმედო გეგმაში ბევრი საკითხია, რომლის სათანადოდ შესრულება მნიშვნელოვანი იქნება სისტემის რეფორმისთვის

„ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეული აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ამბიციური დოკუმენტია.

მისი თქმით, სასამართლო სისტემის სტრატეგიის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმაში ბევრი საკითხია, რომლის სათანადოდ შესრულება სასამართლო სისტემის რეფორმისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

„თავის დროზე, როდესაც იწერებოდა დოკუმენტები, საკამოდ ღია იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭო. მაღალი იყო სამოქალაქო სექტორის ჩართულობა, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესზე. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საკითხი ამ პროცესთან დაკავშირებით, რომელზეც საბჭოს წინაშე კითხვებს ვსვამდით, რათა სამუშაო ჯგუფები, რომლებიც შეიქმნა სამოქმედო გეგმის შესრულებისა და მონიტორინგის მიზნით, ეს ჯგუფები ხელმისაწვდომი ყოფილიყო. სამწუხაროდ, ამ სამუშაო ჯგუფებში არ მოხდა იმ ორგანიზაციების მიწვევა, რომლებმაც ძალიან დიდი რესურსი დახარჯეს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ტექსტის მომზადებაზე, თუმცა ჩვენ მაინც ვაყენებდით სხდომებზე მონაწილეობის საკითხს. იყო შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი კენჭისყრით დასწრებაზე უარს გვეუბნებოდა. ერთეულ შემთხვევებში მოგვეცა მონაწილეობის შესაძლებლობა. ამ ეტაპზე, ერთ-ერთი მთავარი საკითხია სასამართლო სტრატეგიის შესრულებისა და მონიტორინგის პროცესის მეტი გახსნილობა. თავად იუსტიციის საბჭოსა და სამუშაო ჯგუფებში არასამთავრობო სექტორის დაშვება იმისთვის, რომ რეალურად გვქონდეს ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე, საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო სამართლიანად შევაფასოთ სტრატეგიის შესრულება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გეგმაში არის ბევრი საკითხი, რომლის სათანადოდ შესრულება, არსებითად მნიშვნელოვანი იქნება სასამართლო სისტემის რეფორმისთვის“, – განაცხადა ვერძეულმა.

სასტუმრო „რედისონში“ სასამართლო სისტემის სტრატეგიის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის ერთწლიანი პროგრესის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს. ღონისძიებას სასამართლოსა და საპალამენტო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

დატოვე კომენტარი