სოფო ვერძეული - 20 ივნისის ღამეს პოლიციას დაახლოებით ორი საათის განმავლობაში უწევდა ძალადობრივ დემონსტრანტთა ნაწილის შეკავება
სოფო ვერძეული - 20 ივნისის ღამეს პოლიციას დაახლოებით ორი საათის განმავლობაში უწევდა ძალადობრივ დემონსტრანტთა ნაწილის შეკავება

20 ივნისის მოვლენებს ჰყავს თავისი პასუხისმგებელი პირები და ეს პასუხისმგებლობები სამართლიანად არის გასანაწილებელი, – ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა, სოფო ვერძეულმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სოფო ვერძეულმა აღნიშნა, უპირველესად პასუხისმგებლობა არის შსს-ზე, რომელმაც ეს პოლიტიკურ თუ სამართლებრივ ნაწილში უნდა გაიზიაროს.

„ჩვენ ასევე ვსაუბრობთ, რომ 20 ივნისის აქციაზე იყო ძალადობრივი აქტები. რამდენიმე ეპიზოდად პოლიციასთან დაპირისპირებები, რომელსაც ასევე შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება უნდა მოყვეს, მათ შორის საზოგადოების მხრიდან. ეს პასუხისმგებლობები ერთმანეთს არ გამორიცხავს. ჩვენ თუ გვინდა, სრულფასოვნად შევაფასოთ 20 ივნისი, უნდა ვთქვათ, რომ 22:00 საათიდან ვითარება დაიძაბა, პოლიციას დაახლოებით ორი საათის განმავლობაში უწევდა ძალადობრივ დემონსტრანტთა ნაწილის შეკავება. დაახლოებით 00:00 საათიდან დაიწყო აქციის დაშლის ოპერაცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის საფუძველი პოლიციას კონკრეტულ მომენტში ჰქონდა, თუმცა ის გასცდა ლეგიტიმურ მიზანს, როდესაც გამოიყენა არაპროპორციული ძალა. ყველა მხარის პასუხისმგებლობა სამართლიანად უნდა იყოს დანახული, უპირველეს ყოვლისა ვსაუბრობთ შსს-ს პასუხისმგებლობაზე, რაც არ გამორიცხავს ვილაპარაკოთ სხვა ჯგუფების პასუხისმგებლობაზეც“, – განაცხადა სოფო ვერძეულმა.

მისივე თქმით, 20 ივნისის ღამეს 22:00 საათიდან 00:00 საათამდე აქციაზე იყო დაპირისპირების ეპიზოდები და სწორედ ამის გამო ჰქონდა პოლიციას რეაქცია.

„იყო პრობლემური განცხადებები ცალკეული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, მათ შორის ნიკა მელიას მხრიდან, რასაც სჭირდება შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების მიცემა. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ – ეს არ არის გამართლება იმისა, რაც მოხდა 00:00 საათის შემდეგ რუსთაველზე და მიმდებარე ტერიტორიაზე. ამიტომ თუ ვინმეს უნდა სწორად წაიკითხოს ის, რაც დავწერეთ და სწორად გაიგოს 20 ივნისის შინაარსი, უნდა ვთქვათ, რომ ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს და ეს პასუხისმგებლობები ერთმანეთს არ ანაცვლებს“, – განაცხადა სოფო ვერძეულმა.