სოფო ქაცარავა - სენატორების კანონპროექტი ადასტურებს, რა საკვანძო როლი აქვს საქართველოს აშშ-ს უსაფრთხოების პოლიტიკაში
სოფო ქაცარავა - სენატორების კანონპროექტი ადასტურებს, რა საკვანძო როლი აქვს საქართველოს აშშ-ს უსაფრთხოების პოლიტიკაში

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო ქაცარავას განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე სენატორების ინიცირებული კანონპროექტი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას მკაფიოდ და ძლიერად გამოხატავს.

როგორც ჟურნალისტებს ქაცარავამ განუცხადა, დოკუმენტში საუბარია, რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების საპასუხოდ პოლიტიკური, დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლის გაზრდაზე, მათ შორის, სანქციების გზით.

„დოკუმენტი აშშ-ს პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ რუსეთს ღიად და საჯაროდ მიმართოს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია შეწყვიტოს, რაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია და ადასტურებს იმას, თუ რა საკვანძო როლი აქვს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების პოლიტიკაში”, – განაცხადა ქაცარავამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის სენატს რუსეთის წინააღმდეგ ახალი, აქამდე არსებულ სანქციებზე კიდევ უფრო ძლიერი სანქციების დაწესების თაობაზე კანონპროექტი წარედგინა. დოკუმენტში სენატორები აშშ-ის პრეზიდენტს მიმართავენ, საჯაროდ მოსთხოვოს რუსეთს, შეწყვიტოს ოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სეპარატისტების მხარდაჭერა.