სოფო ქაცარავა - საქართველომ რუსი დიპლომატის გაშვებით ბრიტანეთისადმი სოლიდარობა გამოხატა
სოფო ქაცარავა - საქართველომ რუსი დიპლომატის გაშვებით ბრიტანეთისადმი სოლიდარობა გამოხატა

საქართველომ, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლის გაშვებით, დიდი ბრიტანეთის მიმართ სოლიდარობა გამოხატა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველო-ბრიტანეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფო ქაცარავამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ ამ ნაბიჯით მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა დიდ ბრიტანეთს, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.

შეგახსენებთ, საქართველო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად შვიდდღიან ვადას აძლევს.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.

ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს დააკისრა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. მალევე დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა სხვა ქვეყნებმაც გამოუცხადეს. ამ დროისთვის რუსი დიპლომატები 30-მდე სახელმწიფომ გააძევა, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ავსტრალიამ, ევროკავშირის ქვეყნებმა, მოლოდვამ და უკრაინამ. ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, აშშ-ის 60 რუსი დიპლომატი დატოვებს, სიეტლში კი რუსეთის საკონსულო დაიხურება.