სოფო ქაცარავა - საფრანგეთში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ცალსახად წარმატებულია, რასაც ემანუელ მაკრონის გზავნილები ადასტურებს
სოფო ქაცარავა - საფრანგეთში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ცალსახად წარმატებულია, რასაც ემანუელ მაკრონის გზავნილები ადასტურებს

საფრანგეთი ევროკავშირის ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანაა, რომლის პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი მხარდამჭერი გზავნილები ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავამ განაცხადა.

ქაცარავას შეფასებით, საფრანგეთში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ძალიან წარმატებულია.

„საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ცალსახად წარმატებულია და ამას საფრანგეთი პრეზიდენტის გზავნილები ადასტურებს, მათ შორის მემორანდუმი კიდევ უფრო მეტად  შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გაძლიერებას. ეს მეტ შესაძლებლობებს შექმნის, რითაც საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა“, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პირისპირ შეხვედრა დღეს ელისეს სასახლეში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს, მის ტერიტორიულ მთლიანობას იმ საზღვრების ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა. ამასთან, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ბორდერიზაცია ეწინააღმდეგება ყველაფერს და საფრანგეთი ამაზე არ გაჩუმდება, ასევე საფრანგეთი ყოველთვის ახსენებს რუსეთს, რომ უფრო მეტი კონსტრუქციულობა გამოიჩინოს და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში ევროკავშირის მისიები დაუშვას.

ამასთან,  ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ დაარსების შესახებ თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი.