რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს რეზოლუცია დღის წესრიგიდან არ ამოიღო
რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს რეზოლუცია დღის წესრიგიდან არ ამოიღო

რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ  ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს რეზოლუცია დღის წესრიგიდან არ ამოიღო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც სოფო ქაცარავა წერს, ეუთო-ს ამ გადაწყვეტილების შემდეგ საკომიტეტო და პლენარულ სესიაზე გაგრძელდება რეზოლუციის განხილვა.

„პირველი დღე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე: მუდმივმოქმედ კომიტეტზე (ასამბლეის მონაწილე 57 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ესწრება), ჩვენ მიერ დარეგისტრიტებულმა რეზოლუციამ: „უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში“ ხმათა უმრავლესობა მოიპოვა, მიუხედავად რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგობისა. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო დღეებში საკომიტეტო და პლენარულ სესიებზე გავაგრძელებთ ჩვენი რეზოლუციის განხილვას, რომ ასამბლეის დასრულებისას მოვიპოვოთ მაქსიმალური მხარდაჭერა“, – წერს ქაცარავა.

ამასთან, სოფო ქაცარავა აქვეყნებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, მარკ პრიჩარდის განცხადებას.

„მარკ პრიჩარდის პასუხი რუსეთის ფედერაციას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგიდან ჩვენს მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის ამოღების შესახებ “უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში“.

„ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია თანხმდება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რომ საქართველოს ტერიტორიებია ამას ეჭვქვეშ არავინ აყენებს“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში.