სოფო ქაცარავა - ოქტომბერში დავით ზალკალიანი „მინისტრის საათის“ ფარგლებში მოვა პარლამენტში, ეს არ გამორიცხავს, რომ საკომიტეტო ფორმატში მას კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ
სოფო ქაცარავა - ოქტომბერში დავით ზალკალიანი „მინისტრის საათის“ ფარგლებში მოვა პარლამენტში, ეს არ გამორიცხავს, რომ საკომიტეტო ფორმატში მას კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ

ოქტომბერში დავით ზალკალიანი „მინისტრის საათის“ ფარგლებში მოვა პარლამენტში, ეს არ გამორიცხავს, რომ საკომიტეტო ფორმატში მას კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ, – პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო ქაცარავამ ამის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნის კომენტირებისას განაცხადა. ოპოზიცია ითხოვს, ზალკალიანი საპარლამენტო კომიტეტის წინაშე წარდგეს და მათ შეკითხვებს უპასუხოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის თემაზე.

„ოქტომბერში საგარეო საქმეთა მინისტრის მოსვლა პარლამენტში ისედაც დაგეგმილი იყო „მინისტრის საათის“ ფარგლებში. პარლამენტში მინისტრი 15-18 ოქტომბრის კვირაში მოვა. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ საკომიტეტო ფორმატში კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ მინისტრს. ჯერ ზუსტი რიცხვი გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ 15-დან 18-მდე მინისტრი მოვა პარლამენტში და ყველას ექნება შესაძლებლობა კითხვა დასვას, როგორც მმართველ პარტიას, ასევე ოპოზიციას. მათ შორის, იმ მწვავე საკითხთან დაკავშირებით, რაც ყველას აინტერესებს. რაც შეეხება სიტყვა ოკუპაციას ლავროვის მხრიდან, ჩვენ ეს განცხადება არაერთხელ მოგვისმენია, მთავარია მოვისმინოთ ის, თუ რას ამბობს ჩვენი დელეგაცია თუნდაც ამ შეხვედრის შემდეგ. ტერმინი ოკუპაცია – საერთაშორისო საზოგადოებაში დამკვიდრებული ტერმინია, რომელსაც დოკუმენტებსა და ყველანაირ ფორმატში იყენებენ“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.