სოფო ქაცარავა - ნიდერლანდების სამეფოს პრემიერისგან ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მხარდამჭერი გზავნილები მივიღეთ 
სოფო ქაცარავა - ნიდერლანდების სამეფოს პრემიერისგან ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მხარდამჭერი გზავნილები მივიღეთ 

გიორგი გახარიას ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტი წარმატებული იყო, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა, სოფო ქაცარავამ განაცხადა.

როგორც დეპუტატის განმარტავს, წარმატებული ვიზიტს რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს – როგორ ფასდება ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და ვიზიტის შედეგები.

„ამის გათვალისწინებით, გიორგი გახარიას ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში იყო წარმატებული, არა მარტო იმიტომ, რომ შეფასდა ისტორიულად, რადგან პრემიერ-მინისტრების დონეზე ეს იყო პირველი ორმხრივი ვიზიტი, არამედ ასევე იმ ძალიან პოზიტიური გზავნილებისა და სამომავლო თანამშრომლობის პრაქტიკული პერსპექტივის გათვალისწინებით“, – განაცხადა ქაცარავამ.

მისი თქმით, ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინიტრისგან საქართველომ მიიღო მხარდამჭერი გზავნილები ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.

„მან ხაზი გაუსვა საქართველოში ბოლო წლებში გატარებულ რეფორმებს და განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, სავაჭრო, ეკონომიკური და ტურიზმის მიმართულებით.  ჩვენი ამოცანაა, გავაძლიეროთ ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ასევე მის წევრ ქვეყნებთან ორმხრივ ფორმატებში, როგორც ეკონომიკური, ასევე ხალხთაშორისი კავშირების გზით. ეს არის შესაძლებლობა და პოტენციალი, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, გუშინ ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. როგორც მარკ რუტემ განაცხადა, საქართველო სამაგალითო ქვეყნად იქცა რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის და სწორედ ამიტომ არის ნიდერლანდებისა და ევროკავშირის მთავარი პარტნიორი.