სოფო ქაცარავა - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველო კვლავ წარმოჩნდა, როგორც სამაგალითო ქვეყანა დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით
სოფო ქაცარავა - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველო კვლავ წარმოჩნდა, როგორც სამაგალითო ქვეყანა დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ ანგარიშში პოზიტიურად შეფასდა საქართველოში გატარებული რეფორმები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ განაცხადა.

მისი თქმით, ანგარიშის ავტორმა და მომხსენებელმა, ულა შმიდტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო სამაგალითო ქვეყანაა დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით, ხოლო საქართველოს მისწრაფება, რომ გაწევრიანდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, არის მამოძრავებელი ძალა რეფორმების გატარებისთვის.

„ასამბლეის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა შავი ზღვის რეგიონში, სადაც კორუფციის დონე არის ზოგიერთ ევროკავშირის ქვეყანაზეც კი უფრო დაბალი. ასევე, ანგარიშში აისახა დემოკრატიისა და პრესის თავისუფლების ინდექსების გაუმჯობესებაც. მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშის ნაწილი ეთმობდა საქართველოში არსებულ სამოქალაქო საზოგადოებასაც, რომელიც მრავალფეროვანია და მათი უდიდესი ნაწილი ევროპული ღირებულებების მატარებელია, რაც დემოკრატიის მაღალი ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ნათელია, რომ საქართველო ალიანსის წევრების მხრიდან განიხილება, როგორც ლიდერი ქვეყანა გატარებული რეფორმებით და რეგიონში ყველაზე სანდო და მტკიცე პარტნიორად. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვაქვს სტიმული, გავაკეთოთ უფრო მეტი. ჩვენ ვაგრძელებთ თანმიმდევრულ და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას ალიანსის წევრი ქვეყნების მხარდაჭერით“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.

ანგარიში „შავი ზღვის რეგიონში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის გაძლიერება“ გერმანიის დელეგაციის წევრმა, ულა შმიდტმა მოამზადა. ანგარიში კანადის ქალაქ ჰალიფაქსში მიმდინარე   ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში მიიღეს.