სოფო ქაცარავა აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარებას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია
სოფო ქაცარავა აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარებას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო ქაცარავას განცხადებით, რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარებას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

როგორც საქართველოს პირველ არხს ქაცარავამ განუცხადა, წლების მანძილზე, რუსეთი ცდილობს, ცალკეულ ქვეყნებზე ზეგავლენა მოახდინოს ე.წ. აღიარების მიმართულებით, თუმცა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით, საერთაშორისო საზოგადოებას მტკიცე და ურყევი პოზიცია აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

დეპუტატის თქმით, საქართველოს მთავრობას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სწორი და პასუხისმგებლიანი მიდგომა და პოლიტიკა აქვს.

„ჩვენი მიდგომა, პოლიტიკა და ხედვა რაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გვაქვს, მშვიდობიანი და სტაბილური გზით დეოკუპაციის მიღწევას გულისხმობს. ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საერთაშორისო თანამეგობრობასთან ვმუშაობთ, რომ მათი ცნობიერება და აღქმა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს იმ მიმართულებით, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, გამოწვევა და რისკები. გამოწვევები გაცილებით უფრო მასშტაბურია. საერთაშორისო თანამეგობრობის აღქმა ამ რისკებისა და გამოწვევების თაობაზე კიდევ უფრო მზარდია, რაც გამოიხატება მათ დამოკიდებულებასა და განცხადებებში, როცა საქმე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეხება. რუსეთის მხრიდან ე.წ. აღიარებას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. რუსეთი გარკვეულ ქვეყნებზე თავის ზეწოლას გააგრძელებს იმისთვის, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარონ, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყვება. საქართველოს ხელისუფლების აქტიურობის შედეგად, რამდენიმე ქვეყანამ ე.წ. აღიარება უკან წაიღო“, – განაცხადა ქაცარავამ.