სოფო კილაძე - წინა ხელისუფლებას არანაირი კანონი არ მიუღია, ისე აწამეს გირგვლიანი და მოკლეს რობაქიძე, თუ ვინმეს ​​რამის ბოროტად გამოყენება უნდა, სულ არ სჭირდება ამისთვის კანონი
სოფო კილაძე - წინა ხელისუფლებას არანაირი კანონი არ მიუღია, ისე აწამეს გირგვლიანი და მოკლეს რობაქიძე, თუ ვინმეს ​​რამის ბოროტად გამოყენება უნდა, სულ არ სჭირდება ამისთვის კანონი

თუ ვინმეს უნდა ​რამის ბოროტად გამოყენება, ამისთვის სულ არ სჭირდება კანონი, სასამართლო, სამართალი, ძალიან მოკლე ხნის წინ ყველამ ვნახეთ, როგორ ხდება ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„აქ რამდენიმეჯერ გაიჟღერა ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, რა თქმა უნდა, სავსებით სამართლიანად. როდესაც ადამიანების უფლებების შეზღუდვას ეხება საქმე, ბუნებრივია, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი უნდა იყოს აქტიური, და ჩვენ გუშინდელ განხილვაზეც ვიყავით, დანარჩენზე უკვე მოგახსენეთ და მეტს აღარ გავიმეორებ. რა თქმა უნდა, კოლეგებო არსებობს ადამიანის უფლებებში არათანაზომიერი ჩარევის რისკი, არსებობს გარკვეული საფრთხეები, თუმცა ჩვენ იმიტომ ვართ აქ, რომ დავაზღვიოთ ეს საფრთხეები, დავაზღვიოთ რისკები და ერთად მსჯელობით მივიდეთ და ისეთ კონდიციამდე მივიყვანოთ ეს კანონი, რომ ეს რისკები იყოს მაქსიმალურად დარღვეული. თუ რომელიმე კოლეგა მეტყვის, რომ ეს კანონი არ შეიძლება მივიღოთ იმიტომ, რომ ის შეიძლება, ბოროტად გამოიყენოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ამ კოლეგას მე შემიძლია, ვუთხრა, რომ წინა ხელისუფლებას არანაირი კანონი არ მიუღია საერთოდ, ისე აწამეს გირგვლიანი და მოკლეს ბუტა რობაქიძე, ასევე მოლაშვილი. ეს საერთოდ არ მომხდარა კანონის საფუძველზე. ანუ თუ ვინმეს უნდა ​რამის ბოროტად გამოყენება, სულ არ სჭირდება ამისთვის არც კანონი, არც სასამართლო, არც სამართალი, არაფერი არ სჭირდება და ეს ძალიან მოკლე ხნის წინ ვნახეთ ყველამ, როგორ ხდება ეს, როგორ ხდება ძალაუფლების ბოროტად გამოყენება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

მისი თქმით, დღეს პარლამენტში შეტანილია ისეთი კანონპროექტი, რომელიც ადამიანის უფლებებში გარკვეულწილად ჩარევის ქმნის საფუძველს.

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ეს ჩარევა იყოს თანაზომიერი და ჩვენ, საქართველოს პარლამენტი ვართ სწორედ ის ორგანო, რომელმაც ზედამხედველობა უნდა განახორციელოს, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ბოროტად არ გამოიყენოს ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილება. რა ბერკეტები გვაქვს ჩვენ ხელთ? ჩვენ ხელთ გვაქვს ის ძლიერი ბერკეტები, რომლებიც დევს საქართველოს კონსტიტუციაში და რომელიც სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. „ქართული ოცნების“ ინიციატივით იქნა ეს ძლიერი საპარლამენტო ბერკეტები შექმნილი საქართველოს კონსტიტუციაში, რეგლამენტში და შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია, მოვუსმინოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს. დღეს დააანონსა კიდეც ბატონმა გახარიამ, რომ ის არაერთგზის მოვა საქართველოს პარლამენტში. ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ საკომიტეტო მოსმენის ბერკეტები. ჩვენ შეიძლება, გამოვიყენოთ მინისტრების კომიტეტზე მოყვანის ბერკეტები და ა.შ“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, კანონმდებლობით ძალიან ბევრი რეალური ბერკეტი არსებობს და ამის შესახებ იციან როგორც დეპუტატებმა, ისე საზოგადოებამ.

„სხვა რა გზა არსებობს ამ ინიციატივის გარდა. მოდი, მივყვეთ ლოგიკურად. პირველი გზა არის, რომ ჩვენ მივუშვათ ეს სიტუაცია თვითდინებაზე. როგორც არაერთმა ჩვენმა კოლეგამ, მედიცინის წარმომადგენლებმა თქვეს და ბატონმა დიმიტრი ხუნდაძემაც კარგად თქვა, ჩვენ გვაქვს სერიოზული საშიშროება, პანდემია არსად არ წასულა, პანდემია აქ არის ისევ და თუ ამ სიტუაციას მივუშვებთ, მაშინ გვეყოლება ათასობით და ათიათასობით დაავადებული, დახოცილი ადამიანი, რაც ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის არის დაღუპვის და კატასტროფის ტოლფასი. ეს გზა, ბუნებრივია, არ გამოგვადგება. რა არის მეორე გზა. მეორე გზა არის საგანგებო მდგომარეობა, რომელიც თავისუფლად შეგვიძლია, გადავავადოთ, ასე ვთქვათ, გადავაგრძელოთ და გავაკეთოთ ეს დაუსრულებლად, რადგან არ ვიცით, სადამდე გაგრძელდება პანდემია. ეს საქართველოს პრობლემა ხომ არ არის, ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა და სანამ პანდემია იქნება, მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ საგანგებო მდგომარეობაში. ეს რას მოიტანს, მოდი, ამაზე დავფიქრდეთ. ეს მოიტანს იმას, რომ ჯერ ერთი, საგანგებო მდგომარეობა უფრო მეტად ზღუდავს ადამიანის უფლებებს, ვიდრე ეს წარმოდგენილი კანონპროექტი. მეორე – ეს იქნება ძალიან ბევრი ადამიანისთვის სამუშაოს დაკარგვის პირდაპირი საფუძველი. ჩვენ გვეყოლება უამრავი ადამიანი, რომელიც დაკარგავს სამუშაოს, გვექნება გაჩერებული ეკონომიკა, გვეყოლებიან ადამიანები, მოხუცები, ბავშვები და ა.შ. სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფი, რომლებიც შიმშილის ზღვარზე იქნებიან და ჩვენ ამას ვერ გავუმკლავდებით, თუ საგანგებო მდგომარეობას დაუსრულებლად გავაგრძელებთ. ასეც არ ივარგებს, რადგან ეს ისევ და ისევ ჩვენს ქვეყანაზე ცუდად და ნეგატიურად აისახება. რა თქმა უნდა, მე მესმის, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის ინტერესში შედის, რომ რაც შეიძლება დიდი სირთულეები ჰქონდეს ქვეყანას, რომ შემდეგ ისევ ხელისუფლებაზე გამოიშვიროს ხელი, მაგრამ „ქართული ოცნება“ იმიტომ აირჩიეს ჩვენმა მოქალაქეებმა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს პასუხისმგებლობა, იზრუნოს, გადაარჩინოს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, ჯანმრთელობა. ჩვენ იმიტომ არ ავურჩევივართ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ოპოზიცია როგორც გვეტყვის, ისე მოვიქცეთ. ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც ამას გვეტყვის ქართველი ხალხი, ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე როგორც ეს ქვეყნის ინტერესებშია. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობაც და ჩვენი უფლებაც“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლითაც შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება.

დატოვე კომენტარი