სოფო კილაძე - წარმოუდგენლად შემაშფოთებელია, თუ მართლაც მზადდებოდა თავდასხმა, ამას შემდეგი ნაბიჯებიც უნდა მოჰყვეს
სოფო კილაძე - წარმოუდგენლად შემაშფოთებელია, თუ მართლაც მზადდებოდა თავდასხმა, ამას შემდეგი ნაბიჯებიც უნდა მოჰყვეს

ის, რაც გუშინ ვიხილეთ ტელეეკრანებიდან, შემაშფოთებელია, რადგან ტერორიზმი არ არის მარტო საქართველოს პრობლემა, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, სოფო კილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც სუს-ი ამბობს, ჩანაწერი კანონის სრული დაცვითაა მოპოვებული.

„ძალაინ შემაშფოთებელია, რადგან ტერორიზმი არ არის მარტო საქართველოს პრობლემა, ეს მთელ მსოფლიოს ემუქრება. თუ ეს სავარაუდო ფაქტი არსებობს და მართლაც მზადდებოდა თავდასხმა კონკრეტულ ადამიანსა და მის ოჯახზე, ეს არის წარმოუდგენლად შემაშფოთებელი. ვფიქრობ ამას შემდეგი ნაბიჯებიც უნდა მოჰყვეს. ყოველ შემთხვევაში, საფუძველი მაინც არსებობს, ვიფიქროთ, სავარაუდო დანაშაულს შესაძლებელია, ჰქონოდა ადგილი. ამას მიყოლა სჭირდება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

მისი თქმით, დანაშაულის პრევენცია სამართალდამცავი უწყებების პირველი დანიშნულებაა.

„ტერორიზმი, როგორც ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ნამდვილად არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა. ეს არის სამართლებრივი ნიუანსები. მოვისმინეთ, რომ საქმე გვქონდა პრევენციასთან, ანუ დანაშაულის აღკვეთა სუს-ის მიერ. პრინციპში, სამართლდამცავი სტრუქტურების პირველადი დანიშნულება ეს არის, მოხდეს პრევენცია, სანამ შედეგი დადგება. პრევენცია, აღკვეთა ეს არის უმნიშვნელოვანესი, ეს არის მისასალმებელი“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა გუშინვე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.