სოფო კილაძე - ვფიქრობ, ლოგიკურია, შეთანხმების შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდეს
სოფო კილაძე - ვფიქრობ, ლოგიკურია, შეთანხმების შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ე.წ. პოლიტპატიმრების თემაზე ოპოზიციიის მხრიდან სპეკულაციას აქვს ადგილი.

როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, სამწუხაროა, რომ ოპოზიცია შეთანხმების მიღწევის შემდეგ პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობს.

დეპუტატის თქმით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან.

„შეთანხმებაში საუბარია თავშეკავებაზე სისხლის სამართლის დევნისგან იმ პირების მიმართ, რომლებიც პირდაპირ, თუ ირიბად კავშირში არიან პოლიტიკასთან. ეს გასაგებია, მაგრამ ოპოზიცია რომ ამბობს, პოლიტპატიმრები უნდა იყვნენ გათავისუფლებული, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და როგორ წარმოუდგენიათ, „ქართულმა ოცნებამ“ რა უნდა გააკეთოს, უზენაეს სასამართლოს უთხრას, გადაწყვეტილება გააუქმეთ და პატიმრობიდან გიგი უგულავა გამოუშვითო? ეს არის აბსურდი და „ქართულ ოცნებას“ ამის არც სურვილი აქვს და არც უფლებამოსილება. ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ამ სპეკულაციებს მიხვდება. ლოგიკურია, ამ შეთანხმების შემდეგ პარლამენტში დაბრუნდნენ“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

ამასთან, გუშინ მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ. საქართველოში აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.