სოფო კილაძე - თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავს, ყველას მისამართით უნდა დაიცვას, გარჩევა არ უნდა მოხდეს
სოფო კილაძე - თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავს, ყველას მისამართით უნდა დაიცვას, გარჩევა არ უნდა მოხდეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, დემოკრატიულ საზოგადოებაში არასამთავრობო სექტორის როლი მნიშვნელოვანია, თუმცა დემოკრატიისთვის საზიანოა, როცა არასამთავრობო სექტორის ზოგიერთი წარმომადგენელი თავის პოზიციას ბოროტად იყენებს.

როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავს, ყველას მისამართით უნდა დაიცვას და გარჩევა არ უნდა მოხდეს.

„არ მგონია, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებაში ფაშისტური რაიმე ყოფილიყო, პირიქით, მან არასამთავრობო სექტორს მოუწოდა, რომ ფაშისტური განცხადებებით დაინტერესდნენ. შერჩევითი საკითხებია, რაზეც აჟიოტაჟი ტყდება ხოლმე და რთულ შემთხვევებზე არანაირი განცხადება არ კეთდება, რაც კითხვებს აჩენს.

ადამიანის უფლებები ყველაზე მოქმედებს და ყველას თანაბრად უნდა მოვექცეთ. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იტყვის. მოწოდება ძალადობისკენ, აგრესიისკენ და შევიწროებისკენ არავის არ ეპატიება. თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, რომ ადამიანის უფლებების სადარაჯოზე დგას, რა მნიშვნელობა აქვს, დასაგმობ განცხადებას ვინ გააკეთებს – პოლიტიკოსი თუ მედიის წარმომადგენელი? თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავს, ყველას მისამართით უნდა დაიცვას და გარჩევა არ უნდა მოხდეს”, – განაცხადა კილაძემ.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფეისბუქპოსტი გაავრცელა, რომელშიც წერს: „უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს, აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება“.

ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გვარამიას განცხადებას დღემდე არასამთავრობო ორგანიზაციები არ გამოხმაურებიან.

„ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე, სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორისაც არიან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.