სოფო კილაძე - ადამიანმა თუ ჩაიდინა დანაშაული, მართლმსაჯულების ვალდებულებაა, კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს, დანარჩენი ოპოზიციის სპეკულაციაა
სოფო კილაძე - ადამიანმა თუ ჩაიდინა დანაშაული, მართლმსაჯულების ვალდებულებაა, კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს, დანარჩენი ოპოზიციის სპეკულაციაა

გიორგი რურუას წარსული მჭიდროდ დაკავშირებულია მხედრიონთან და კრიმინალებთან, თუმცა პარტიას, რომელსაც თვითონ კრიმინალური წარსული ჰქონდა და ახლა კრიმინალს თავის ლიდერად აცხადებს, არ უნდა გაუკვირდეს, რომ მარცხი მარცხზე აქვთ ყველა არჩევნებში, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან ჩატარდა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს ოპოზიციის აღნიშნული ნაწილის არაგონივრული პოლიტიკის ლოგიკური შედეგია.

„გიორგი რურუას საქმის სამართლებრივი შეფასება სასამართლომ გააკეთა. რაც შეეხება სასამართლოს მიმართ პრეტენზიებს – კლანი, გავლენა და ა.შ. როცა „ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციის სასარგებლოდ გამოიტანს სასამართლო გადაწყვეტილებას, მაშინ სამართალმა პური ჭამა? როცა პირიქით, სასამართლო მათთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილებას მიიღებს, საუბრები იწყება კლანზე, ივანიშვილის გავლენებზე და ა.შ. ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, თუ ბაჩანა შენგელიასთან დაკავშირებით მოსწონთ სასამართლოს გადაწყვეტილება, მაშინ იგივე სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება რურუასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს ორმაგი სტანდარტია, რასაც სამწუხაროდ, ყოველდღიურად ვუყურებთ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან“, – განაცხადა დეპუტატმა.

რაც შეეხება საერთაშორისო შეფასებებს, დეპუტატი ამბობს, რომ ხელისუფლება დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს დიდი ყურადღებას უთმობს.

„რაც შეეხება საერთაშორისო მიმართულებას, ვერ დაგისახელებთ ვერც ერთ პარტნიორ ქვეყანას, თუ მის წარმომადგენელს, რომლებიც ამბობენ, რომ კრიმინალი არ უნდა დაისაჯოს. ამას ვერავინ იტყვის და არც 8 მარტის შეთანხმებაში ეწერა მსგავსი რამ. არის წინასაარჩევნო პროცესი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები მოგვცემენ რეკომენდაციებს და ჩვენც ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდებით მათ რეკომენდაციებსა და სხვადასხვა შეთანხმებას, მაგრამ თუ პირმა ჩაიდინა დანაშაული და არის მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების ვალდებულებაა, მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება, ყველა დანარჩენი არის ოპოზიციის სპეკულაცია“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.