სოფო კილაძე - თეა წულუკიანი სამოხელეო დანაშაულს მაშინ ჩაიდენდა, ქიბარ ხალვაშის საკუთრების უფლება რომ დაერღვია
სოფო კილაძე - თეა წულუკიანი სამოხელეო დანაშაულს მაშინ ჩაიდენდა, ქიბარ ხალვაშის საკუთრების უფლება რომ დაერღვია

თეა წულუკიანი სამოხელეო დანაშაულს მაშინ ჩაიდენდა, ანგარიში რომ არ გაეწია ლეგიტიმური მოთხოვნისთვის, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს მიერ არის დასაბუთებული. ანუ, ამ შემთხვევაში, ქიბარ ხალვაშის საკუთრების უფლება დაერღვია, – ამის შესახებ​ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც დარღვევას არანაირი ადგილი არ ჰქონია.

„რუსთავი 2″-ს გასაჩივრების უფლება აქვს, მაგრამ ეს არ აჩერებს გადაწყვეტილების მოქმედებას. თეა წულუკიანი უფლებამოსილი კი არა, ვალდებული იყო, ქიბარ ხალვაშის საკუთრების უფლება დაერეგისტრირებინა. ხელისუფლება არაფერ შუაშია იმაში, ქიბარ ქალვაში როდის მივა საჯარო რეესტრში“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოხდა. ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მითითებული მუხლების დარღვევას.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ საჯარო რეესტრს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩააბარა და მისი აღსრულება მოითხოვა. რეესტრმა, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ტელეკომპანიის 60-პროცენტიანი წილის მფლობელად ქიბარ ხალვაში, 40-პროცენტიანი წილის მფლობელად კი შპს „პანორამა“ დაარეგისტრირა.

ამის შემდეგ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა, რაც საჯარო რეესტრმაც დაარეგისტრირა.