სოფო კილაძე - სუს-ის წლიურ ანგარიშში სწორი აქცენტებია დასმული
სოფო კილაძე - სუს-ის წლიურ ანგარიშში სწორი აქცენტებია დასმული

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ფიქრობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიურ ანგარიშში სწორი აქცენტებია დასმული, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იქ არსებულ ვითარებას ეხება.

როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, სუსი-ს ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელზეც საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება.

„ვფიქრობ, რომ უწყების მხრიდან სწორი აქცენტებია დასმული. ჩვენთვის ოკუპირებული ტერიტორიები და ამ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებები პრიორიტეტულია. სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე იურისდიქციას ვერ ვახორციელებთ და სახეზეა მასიური დარღვევები. ასევე პრობლემას წარმოადგენს ტერორიზმი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის დიდი გამოწვევაა. ტერორიზმის თვალსაზრისით, ისეთ რეგიონში ვიმყოფებით, სადაც ძალიან მაღალი საფრთხეა“, – დასძენს კილაძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და საფრთხეების შესახებ.