სოფო კილაძე - სუს-ის ანგარიშში სწორად არის დასმული აქცენტი იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას
სოფო კილაძე - სუს-ის ანგარიშში სწორად არის დასმული აქცენტი იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას

სუს-ის ანგარიშში აბსოლუტურად სწორად არის გაკეთებული აქცენტი გამოწვევებზე, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.

როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, ადამიანის  უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის ყველას სატკივარი.

“ეთნიკური ქართველები იდევნებიან, ყოველდღიურად ცხოვრობენ შიშსა და ტერორში, შეზღუდულია მათი სხვადასხვა უფლება, მათ შორის, საკუთარ ენაზე განათლების მიღების უფლება და მიდის სრული რუსიფიცირების პროცესი. ეს არის სამწუხარო რეალობა. სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება და ხელ-ფეხი გვაქვს შეკრული საოკუპაციო რეჟიმის მიერ, რომ რაიმე ნაბიჯები გადავდგათ. ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტში შემოსულია მთავრობის ინიციატივა, რომელიც სწორედ უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება”, – განაცხადა კილაძემ.

რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის საქმეს, სოფო კილაძე იმედოვნებს, რომ გამოძიება გაარკვევს, რა მოხდა სინამდვილეში.

“ტატუნაშვილის საკითხიც არის გაგრძელება ადამიანის უფლებების დარღვევის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან და იმედი მაქვს, რომ გამოძიება გაერკვევა, რა მოხდა ნამდვილად, რომ ეს ჩვენი გმირი ასე ნაწამები  თითქმის ერთი თვის შემდგ გადმოგვცეს და მას შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა. წარმოუდგენელი ცინიზმი და დაცინვაა. რაც შეეხება პროპაგანდას, როგორც ანგარიშშია ნათქვამია მან დიდ მასშტაბებს მიაღწია და ჩვენ გვქონდა კომიტეტის ფარგლებში დახურული მოსმენა, სადაც უფრო მეტი ინფორმაცია მივიღეთ სუს-ის უფროსის მოადგილისგან, ეს ინფორმაცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ბევრ კითხვას პასუხი გაეცა და ჩვენთვის ნათელია, რომ არის ეს გამოწვევა საქართველოში და ჩვენი დასავლური ვექტორის გათვალისწინებით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა პროპაგანდა არ გამწვავდეს”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სუს-ის წლიურ ანგარიშს დღეს წარადგენს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა ტერორიზმის, კორუფციის, მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ბრძოლა, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ანალიტიკური საქმიანობა და საერთაშორისო თანამშრომლობა.