სოფო კილაძე - სტრუქტურული ცვლილებებისას თითოეული ადამიანი თავის სამუშაო ადგილს შეინარჩუნებს
სოფო კილაძე - სტრუქტურული ცვლილებებისას თითოეული ადამიანი თავის სამუშაო ადგილს შეინარჩუნებს

პარლამენტის ადამიანის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, სამინისტროების რეორგანიზაციის ფარგლებში ფუნქციები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ კონკრეტული ადამიანები სამუშაო ადგილებიდან არ გათავისუფლდებიან.

როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან ერთად ადმინისტრაციული ხარჯები არ გაიზარდოს და არსებული მაჩვენებელი უნდა შენარჩუნდეს.

„აქედან დაახლოებით 100-120 მილიონი გამოთავისუფლდება, რაც სოციალურ პროგრამებზე მიიმართება. როდესაც მამუკა ბახტაძე სამინისტროების შერწყმასა და ამ მიმართულებით ცვლილებების განხორციელებაზე საუბრობდა, პირველი რაც ვიკითხე, ის იყო, ამ მოდელის მიხედვით იგეგმება თუ არა ადამიანების გათავისუფლება.

მისი პასუხი იყო, რომ არავის გათავისუფლებას არ ვაპირებთ და თითოეული ადამიანი თავის სამუშაო ადგილს შეინარჩუნებს. უბრალოდ, ეს ერთიანი სტრუქტურის ფარგლებში მოხდება“, – განაცხადა კილაძემ.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ მთავრობის სტრუქტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება.