სოფო კილაძე - საზიზღრობის გავრცელება ხელს აძლევს მას, ვინც მოგებული დარჩა, „ქართული ოცნება“ კი ამ ყველაფრისგან ნამდვილად არ დარჩენილა მოგებული
სოფო კილაძე - საზიზღრობის გავრცელება ხელს აძლევს მას, ვინც მოგებული დარჩა, „ქართული ოცნება“ კი ამ ყველაფრისგან ნამდვილად არ დარჩენილა მოგებული

მაქვს ჩემი მოსაზრებები, ვის შეიძლება აძლევდეს ხელს ასეთი საზიზღრობის გავრცელება – იმ ჯგუფებს, რომლებიც მოგებულნი დარჩნენ, „ქართული ოცნება“ კი ამ ყველაფრისგან ნამდვილად არ დარჩენილა მოგებული, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„გეთანხმებით, რომ ყველაზე მთავარი, ცენტრალური საკითხია, თუ ვინ იყო ამ ყველაფრის დამკვეთი და ვის ინტერესებში შედიოდა ასეთი საზიზღრობის გავრცელება. ასევე მნიშვნელოვანია, რეაგირების გარეშე არ დარჩნენ ადამიანები, რომელთა მეშვეობითაც მოხდა ამ ჩანაწერების მიწოდება. იმისათვის, რომ მომავალში, ღმერთმა ნუ ქნას, თუ კიდევ მოხდა მსგავსი რამ, ადამიანებმა იცოდნენ, რომ ამის გავრცელებაც ისჯება და ამის გავრცელებაზეც კონკრეტულ პირებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ეს იმის პრევენცია იქნება, რომ მსგავსი ამორალური საქციელი სხვამ არ ჩაიდინოს“, – განაცხადა კილაძემ.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, აქვს თუ არა ხელისუფლებას იმის პოლიტიკური ნება, რომ დამკვეთებამდე მივიდეს გამოძიება, როცა ეკა ბესელია მიანიშნებს მის გუნდზე, მოსამართლეებსა და „ნაციონალური მოძრაობიდან“ პორტირებულ ჯგუფზე.

„ვფიქრობ, მსგავსი ტიპის „ბრალდებები“ უდანაშაულობის პრეზუმფციის პირდაპირი დარღვევაა და ნამდვილად დისონანსი შემოაქვს გუნდში. ასე ხელაღებით ადამიანებისთვის ამის დაბრალება, ვფიქრობ, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია. მაქვს ჩემი მოსაზრებები, ვის შეიძლება აძლევდეს ხელს ასეთი საზიზღრობის გავრცელება – იმ ჯგუფებს, რომლებიც საბოლოო ჯამში, მოგებულნი დარჩნენ. „ქართული ოცნება“ ამ ყველაფრისგან ნამდვილად არ დარჩენილა მოგებული. როდესაც მსგავსი ტიპის საშინელება ვრცელდება, უპირველესად, უნდა დავსვათ კითხვა – ვის აძლევდა ხელს ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, გვექნება ლოგიკური პასუხი“, – განაცხადა კილაძემ.