სოფო კილაძე - საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობა არის უმაღლეს ნიშნულზე, რაც გვქონია ბოლო წლების განმავლობაში
სოფო კილაძე - საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობა არის უმაღლეს ნიშნულზე, რაც გვქონია ბოლო წლების განმავლობაში

მოლოდინი არ მაქვს, რომ აშშ ოფიციალურ დონეზე იტყვის, რომ საქართველოში დემოკრატია გაუარესდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტზე კომენტარისას აღნიშნა.

როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობა არის უმაღლეს ნიშნულზე, რაც გვქონია ბოლო წლების განმავლობაში.

„მე ჯერჯერობით არ გავცნობილვარ ოფიციალურ ინფორმაციას. რაც ვნახე, ეს არის ოპოზიციური მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული, რაც ზოგჯერ აღმოჩნდება ხოლმე არასწორი ინფორმაცია ან არასწორად ინტერპრეტირებული. ამიტომ ვიდრე თავად არ გავეცნობი ამ დოკუმენტს, გამიჭირდება რაიმე კომენტარის გაკეთება. ზოგადად შემიძლია ის ვთქვა, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და აშშ-ის ურთიერთობა არის უმაღლეს ნიშნულზე რაც გვქონია ბოლო წლების განმავლობაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ს არავითარი კითხვის ნიშანი არ დარჩეს. თავად აშშ-ს უმაღლესი ოფიციალური პირები აღიარებენ და არაერთხელ გაუსვამთ ხაზი, რომ საქართველოში დემოკრატიული მიმართულებით ნამდვილად ბევრი წინგადადგმული ნაბიჯი გვაქვს და რეალურად ვფიქრობ, ეს არის ის ოფიციალური შეფასებები, რაც ჩვენი ქვეყნის მისამართით კეთდება. მოლოდინი არ მაქვს, რომ აშშ ოფიციალურ დონეზე იტყვის, რომ საქართველოში დემოკრატია გაუარესდა“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტმა 2021 წლის საგარეო ოპერაციების კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც საქართველოსთვის 132 025 000 დოლარით დაფინანსებას ითვალისწინებს. ინფორმაცია წარმომადგენელთა პალატის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.