სოფო კილაძე - საპარლამენტო ოპოზიციამ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს იმედი არასწორად ჩაუსახა, რომ მკვლელს იპოვიდნენ
სოფო კილაძე - საპარლამენტო ოპოზიციამ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს იმედი არასწორად ჩაუსახა, რომ მკვლელს იპოვიდნენ

საპარლამენტო ოპოზიციამ დაპირება გასცა და გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს იმედი არასწორად ჩაუსახა, რომ მკვლელს იპოვიდნენ, – ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის წევრმა „ქართული ოცნებიდან“, სოფო კილაძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„მათ თავიდანვე, პირდაპირ, მტკიცებით ფორმაში თქვეს, რომ არსებობს მკვლელი, რომელიც აუცილებლად უნდა მოვძებნოთ და ამას აუცილებლად გავაკეთებთო. თუმცა აღმოჩნდა, რომ მათი ეს დასკვნები ნაჩქარევი იყო და, ფაქტობრივად, თავიანთი დანაპირები ვერ შეასრულეს. ახლა საზოგადოების წინაშე ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არიან და ცდილობენ, ეს უხერხული მდგომარეობა იერიშით გადაფარონ“, – განაცხადა კილაძემ.

მისი თქმით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პრეროგატივა ვინმეს დადანაშაულება და ბრალის წარდგენა არ არის.

„ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მასში განსაზღვრული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე, ხელისუფლების სამწვეროვანი დანაწილების პრინციპს. ანუ არ შეიძლება, პარლამენტმა საგამოძიებო ორგანოების საქმე გააკეთოს იმ კუთხით, რომ ვთქვათ, ვინმეს ბრალეულობა დაადგინოს, ან განსაზღვროს, რომ ეს ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მისაცემი. ეს დემოკრატიულ სახელმწიფოში გამორიცხულია“, – განაცხადა კილაძემ. 

სოფო კილაძემ ასევე აღნიშნა, რომ ის, რაც „ევროპულმა საქართველომ“ გააკეთა, კონსტიტუციასთან აბსოლუტურად შეუსაბამო იყო.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა საგამოძიებო კომისიის უმცირესობა იმას, რომ შეიძლებოდა, კონკრეტული ადამიანების მხრიდან გარკვეული დაინტერესება მართლაც ყოფილიყო, სოფო კილაძემ განაცხადა, რომ არის გარკვეული კითხვის ნიშნები და საკითხები, რომლებსაც მეტი კვლევა ნამდვილად სჭირდება, მაგრამ შემდგომი ეტაპები პარლამენტის პრეროგატივა აღარ არის.

„ეს იმ ორგანოების პრეროგატივაა, რომლებსაც მსგავსი საკითხების გამოკვლევის უფლება კონსტიტუციურ, სამართლებრ და კანონმდებლობის დონეზე ეკისრებათ. პირადად ჩემი პოზიციაა, რომ ზოგადად, სამართალდამცავ უწყებებში სერიოზული გამოწვევები გვაქვს. დღეს შსს-მ და პროკურატურამ რეფორმა დააანონსა, რეფორმები კი მაშინ არ ხდება, როცა იდეალური მდგომარეობაა. ანუ იდეალური სიტუაცია ნამდვილად არ არის. არის სერიოზული გამოწვევები და ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ“, – განაცხადა კილაძემ.

მისი თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარმა შემთხვევამ ზუსტად იგივე დაადასტურა, რაც მთლიანად სამართალდამცავ სისტემაში ხდება და ამას რეაგირება სჭირდება, მაგრამ ეს რეაგირება პარლამენტის პრეროგატივა არ არის, რადგან ამით კონსტიტუციის დარღვევა მოხდება.