სოფო კილაძე სახალხო დამცველის ანგარიშს დადებითად აფასებს
სოფო კილაძე სახალხო დამცველის ანგარიშს დადებითად აფასებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სახალხო დამცველის ანგარიში „2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ დადებითად შეაფასა.

სოფო კილაძის განცხადებით, ნინო ლომჯარიას მიერ წარმოდგენილი 2017 წლის ანგარიში ადვილად გასაგებ ენაზე არის დაწერილი, რაც მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს შინაარსი უკეთესად გაიგონ.

მისი თქმით, ყურადღება სისტემურ პრობლემებზეა გამახვილებული და ძალიან ბევრი მიმართულება ობიექტურად არის გაშუქებული. კილაძის შეფასებით, არის საკითხები, რომლებსაც ვერ დაეთანხმება, რადგან მეტი გაანალიზება სჭირდება.

სოფო კილაძემ მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში ამ საკითხის მიმართ გამახვილებული ყურადღება ლოგიკურია, რადგან მაჩალიკაშვილის საკითხის დროულად გამოძიებასთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.

„ჩვენ ბუნებრივია ვიზიარებთ ამ პოზიციას, რომ საზგადოებას აინტერესებს, საბოლოო ჯამში რა მოხდა მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, მეორეა, რამდენად შესაძლებელია ესეთ სწრაფ ტემპებში ამ საკითხის გამოძიების ბოლომდე მიყვანა“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

სოფო კილაძისთვის სახალხო დამცველის ანგარიშში სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების საქმეებზე გამოძიების გააქტიურება მისაღებია. მან განაცხადა, რომ პარლამენტმა სწორედ ახლა მიიღო პირველი მოსმენით იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც დამოუკიდებელი საბჭოს შექმნას ეხება.

„კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს და მისი მიღება მოხდა პირველი მოსმენით. ჩვენ აქედან გამომდინარე ვცდილობთ რისკები დავიყვანოდ მინიმუმამდე“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, სოფო კილაძის განცხადებით, ამ საკითხშიც თანხვედრაა პარლამენტსა და სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია რეფორმის გატარების დროს პრევენციასა და რეაბილიტაციაზე ძირითადი აქცენტები გაკეთდეს.

სოფო კილაძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ანგარიში საკმაოდ ვრცელია, ბევრ საინტერესო და ყურადსაღებ საკითხს მოიცავს, რომელსაც სრულად ჯერ არ გაცნობია და დეტალურად ვერ ისაუბრებს.