სოფო კილაძე - სააკაშვილის საკითხზე ხელისუფლებებს შორის გარიგება რომ ყოფილიყო, საქმე სხვანაირად წავიდოდა
სოფო კილაძე - სააკაშვილის საკითხზე ხელისუფლებებს შორის გარიგება რომ ყოფილიყო, საქმე სხვანაირად წავიდოდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ პოლონეთს მიმართოს.

პირველი არხის კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, საქართველომ სააკაშვილის ექსტრადირება უკრაინის შემდეგ პოლონეთს მოსთხოვოს, კილაძე აცხადებს, რომ ეს ლოგიკურია.

„მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილებაა დამდგარი და შესაბამისი სტრუქტურები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რაც კანონითაა გათვალისწინებული, განხორციელდეს. მათ შორის, ლოგიკურია, რომ ექსტრადირების პროცედურები დაიწყოს და მოხდეს მიმართვა. მაგრამ, ამ თვალსაზრისით სამართლებრივი დეტალები არ ვიცი. უკრაინასთან შესაბამისი ნაბიჯები გადადგმული იყო, მაგრამ ეს ამბავი ახლა უცებ მოხდა და შესაბამის სტრუქტურებს გარკვეული დრო სჭირდებათ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ, მათ შორის, საექსტრადიციო პროცედურებზე“, – აღნიშნავს სოფო კილაძე.

დეპუტატი სააკაშვილის იმ განცხადებასაც ეხმაურება, სადაც ყოფილი პრეზიდენტი საქართველო-უკრაინის ხელისუფლებებს შორის შესაძლო პოლიტიკურ გარიგებებზე საუბრობს.

„საუბარი იმაზე, რომ გარიგებებს ჰქონდა ადგილი, სასაცილოა. გარიგება რომ ყოფილიყო, საქმე სხვანაირად წავიდოდა. შესაფასებელი ბევრი არაფერია, რადგან ეს შესაბამისი ქვეყნების გადაწყვეტილებაა. თუ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილებები სწორი არ არის და სამართლებრივად გამყარებული არაა, მაშინ შესაბამისი ქვეყნის სასამართლოებს უნდა მიმართოს. ჩვენ იმ ქმედებებში ვერ ჩავერევით, რასაც ისინი ახორციელებენ.

გვესმის, რომ სააკაშვილი საქართველოში ხელისუფლების დაკარგავს ვერ ეგუება. ასევე, ვერ ეგუება იმასაც, რომ მის მიმართ სამართლებრივი ნაბიჯებია გადადგმული. ეს მისი მხრიდან ბუნებრივია რეაქციაა, მაგრამ ბრალდებები, რომელიც ჩვენი ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ გაისმის, აბსურდია. ჩვენმა ხალხმა სააკაშვილს უარი მშვიდობიანად არჩევნების გზით უთხრა“, – დასძენს სოფო კილაძე.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში დააკავეს და პოლონეთში გააძევეს.