სოფო კილაძე - როდესაც მამუკა ხაზარაძე და მისი ბანკი ადამიანებს სახლებიდან ასახლებდა, ბიძინა ივანიშვილი უამრავ კეთილ საქმეს აკეთებდა ქვეყნისა და ხალხისთვის
სოფო კილაძე - როდესაც მამუკა ხაზარაძე და მისი ბანკი ადამიანებს სახლებიდან ასახლებდა, ბიძინა ივანიშვილი უამრავ კეთილ საქმეს აკეთებდა ქვეყნისა და ხალხისთვის

მაშინ, როდესაც მამუკა ხაზარაძე და მისი ბანკი ადამიანებს სახლებიდან ასახლებდა, ბიძინა ივანიშვილი ხალხს საზღვარგარეთ მკურნალობას უფინანსებდა, ხალხზე ზრუნავდა და უამრავ კეთილ საქმეს აკეთებდა ქვეყნისა და ხალხისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განუცხადა, რომელიც წყალტუბოს განვითარების გეგმაზე მამუკა ხაზარაძის შეფასებას გამოეხმაურა. ხაზარაძემ განაცხადა, რომ „წყალტუბოს განვითარების გეგმა არის ქვეყნის მითვისების პროცესის გაგრძელება“.

კილაძე ამბობს, რომ წყალტუბოს განვითარების გეგმაზე მამუკა ხაზარაძის განცხადება არ უკვირს, რადგან დიდ და კეთილ საქმეებს ხშირ შემთხვევაში, ოპოზიციის მხრიდან დაუმსახურებელი კრიტიკა მოჰყვება.

„ერთია, რომ ხაზარაძე ასეთ ქველმოქმედებას არასდროს ეწეოდა და მეორეა, რომ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება დააფასოს და პატივი სცეს. როცა პოლიტიკური ოპონენტი ხარ, ასეთ დიდ საქმეებზე მაინც უნდა თქვა, რომ კარგი საქმეა, რაც ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოა“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღეს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად.