სოფო კილაძე - „ქართულმა ოცნებამ“ ქალ პოლიტიკოსს დაუჭირა მხარი და პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩვენ გვეყოლება ქალი პრეზიდენტი
სოფო კილაძე - „ქართულმა ოცნებამ“ ქალ პოლიტიკოსს დაუჭირა მხარი და პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩვენ გვეყოლება ქალი პრეზიდენტი

„ქართულმა ოცნებამ“ ქალ პოლიტიკოსს დაუჭირა მხარი და პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩვენ გვეყოლება ქალი პრეზიდენტი, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„მსურს, განცხადება გავაკეთო უფლებრივ ჭრილში – ეს არის ქალი პოლიტიკოსი, ქალი – პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ტრადიციაა ქალის პატივისცემა, ასევე ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება მსოფლიოში უფლებრივი მიმართულებით ეს არის ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა და ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაუმჯობესება. მიუხედავად ამისა, ქალზე, პოლიტიკოსზე მიმდინარეობს ყველაზე უღირსი ფორმებით თავდასხმა მხოლოდ იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ქალი. ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალისგან, – პირველ რიგში ვიტყოდი ნაციონალური მოძრაობა და ასევე მისი სხვადასხვა დანაყოფები, ახორციელებენ თავდასხმას და ეს თავდასხმა არის ყველაზე უღირსი ფორმებით, რაც ნამდვილად, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, არის ძალიან ამორალური“, – განაცხადა სოფო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ქალთა პოლიტიკურ ჩართულობას პირდაპირ უნდა მიესალმებოდნენ, ზოგადად, თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, ევროპულ და პროდასავლურ პოლიტიკოსობაზე, ხელს უნდა უწყობდნენ, რაც შეიძლება მეტი ქალი მოვიდეს პოლიტიკაში, რადგან ქალთა პოლიტიკური ჩართულობა, როგორც უამრავი კვლევა ადასტურებს, ხარისხობრივად აუმჯობესებს გადაწყვეტილებების მიღებას პოლიტიკაში, არის უფრო ჰუმანური და რა თქმა უნდა, პოლიტიკა არის სოციალურად უფრო მეტად ორიენტირებული, ეს პირდაპირ აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაზე.

„თავდასხმა ასეთი უღირსი ფორმებით ადამიანზე, როდესაც ის არის ქალი და იმიტომ, რომ არის ქალი, ეს არის ყოვლად მიუღებელი. მე ნამდვილად ძალიან მიხარია ის, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მხარი დაუჭირა ქალ პოლიტიკოსს და პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩვენ გვეყოლება ქალი პრეზიდენტი. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.