სოფო კილაძე - პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით, თუმცა ეს იყო გადაწყვეტილება, რომელსაც უკან ვერ დავაბრუნებთ
სოფო კილაძე - პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით, თუმცა ეს იყო გადაწყვეტილება, რომელსაც უკან ვერ დავაბრუნებთ

წარსულშიც არაერთხელ გვითქვამს, რომ პრეზიდენტის გარკვეულ შეწყალებებს, სკანდალურ შეწყალებებს არ ვეთანხმებოდით, ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც საქმე ასეთ სიტუაციასთან გვაქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო კილაძემ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწაყლების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ დაფიქსირებულა ის, რომ ეს ადამიანები დამნაშავეები არიან, რაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენებით არის დამტკიცებული.

„ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ ეს ადამიანები დამნაშავეები არიან, რაც დამტკიცებულია სასამართლოს ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. ეს ადამიანები პოლიტპატიმრები არ არიან. ქალბატონმა სალომემ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. ჩვენ არ ვეთანხმებით, თუმცა ეს იყო გადაწყვეტილება, რომელსაც უკან ვერ დავაბრუნებთ ვერც ჩვენ და ვერც ქალბატონი სალომე. აჯობებს, კონცენტრაცია მოვახდინოთ იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდეს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება. ამით „ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარ ისპეკულირებს, რომ ვთქვათ, ადგილი აქვს პოლიტპატიმრების დაკავებას, ამასაც ვეღარ გააკეთებს სამომავლოდ. აჯობებს, ახლა მომავალზე გავაკეთოთ აქცენტირება, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ის გადაწყვეტილებები, რომელიც უკვე მიღებულა“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნაზეც.

„ჯერ ბატონ რურუაზე განაჩენი დამდგარი არ არის. პრეზიდენტი, როგორც წესი, იწყალებს იმ ადამიანებს, ვისაც უკვე სასჯელი მისჯილი აქვს სასამართლოს მიერ. ალბათ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ. ჩვენ არ ვიცით, სასამართლოს გადაწყვეტილება როგორი იქნება. ოპოზიცია ყველანაირ ხერხს იყენებს, რომ ქვეყანას ზიანი მიაყენოს. ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ცდილობენ ქვეყნის იმიჯი და მისი მომავალი დააზიანონ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ მივცეთ საშუალება, რაც არის შესაძლებელი ობიექტურ ფარგლებში. მთავარია ჩავატაროთ არჩევნები ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება. კიდევ ერთხელ რეალურად დაფიქსირდება, რომ ოპოზიცია ნამდვილად მავნებელია და ამას ჩვენი საზოგადოება კარგად ხედავს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

დატოვე კომენტარი