სოფო კილაძე - ორი დამოუკიდებელი წყაროს მტკიცებით, „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე აუდიოჩანაწერები ავთენტიკური არ არის, რაც ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს თაღლითობასთან
სოფო კილაძე - ორი დამოუკიდებელი წყაროს მტკიცებით, „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე აუდიოჩანაწერები ავთენტიკური არ არის, რაც ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს თაღლითობასთან

ორმა დამოუკიდებელმა წყარომ დაამტკიცა, რომ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მედიით გავრცელებული აუდიოჩანაწერები ავთენტიკური არ არის, რაც ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს თაღლითობასთან, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა სოფო კილაძემ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა გარემოების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ზაზა ოქუაშვილი ცდილობს, გადასახადებს თავი აარიდოს, ხოლო „რუსთავი 2“ ცდილობს, „ქართლი ოცნების“ წინააღმდეგ შავი პიარი ააგოროს.

„სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ვიხილეთ ძალიან ცუდი კამპანია. მგონია, ყველა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომელიც ჩემთვის ცნობილია, ეს არის ბატონი ოქუაშვილის მცდელობა, გადასახადებს თავი აარიდოს და „რუსთავი 2“-ის მცდელობა, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ შავი პიარი ააგოროს.

სამწუხაროდ, ჩვენი კომიტეტი როდესაც შევხვდით ჟურნალისტებს, ჩემთვის არ იყო ცნობილი, რომ ძალიან ბევრჯერ მოხდა გადავადება, სამწუხაროდ, ეს იმ იმ შეხვედრაზე არ ითქვა. მას შემდეგ, რაც უკვე დოკუმენტური დადასტურება ვნახე, რომ 11-ჯერ მოხდა „ომეგა ჯგუფის“ დავალიანების გადავადება, უკვე მე გამიჩნდა სერიოზული ეჭვი, რომ დიდი ალბათობით, საქმე შეიძლება გვქონდეს გადასახადებისგან თავიდან არიდებასთან და ამიტომ დაიწყო ეს კამპანია.

დავამატებდი, რომ ორმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელმა წყარომ, ერთმა ქართულმა და მეორე ბრიტანულმა ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ ეს ჩანაწერები არ არის ავთენტიკური და ამ ჩანაწერებში ძალიან ბევრია გადაჭრა-გადმოჭრა, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ აქ ნამდვილად საქმე გვაქვს, ძალიან ხატოვნად ვიტყვი, რაღაც ტიპის თაღლითობასთან“, – განაცხადა სოფო კილაძემ.